არჩევნები უკრაინაში - ვლადიმერ ნაზარენკოს განცხადება

უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა საქართველოს უკრაინის საელჩოში შეეძლებათ, – ამის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ნაზარენკომ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში რეგისტრირებული უკრაინელი ამომრჩევლის რაოდენობა 8 460-ს შეადგენს.

„ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოში რეგისტრირებული უკრაინელი ამომრჩევლის რაოდენობა 8 460-ს შეადგენს. ამ დროისთვის ხმა 63-მა ამომრჩეველმა მისცა“, – განაცხადა ვლადიმერ ნაზარენკომ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. უკრაინის პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ექსპრემიერი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და კომიკოსი და მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.

უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც გააშუქებენ.