ახალი გეგმა ოპოზიციურ ფლანგზე.
ყოფილი პრეზიდენტის მიერ 31 მარტს წარმოდგენილი სტრატეგიით უკმაყოფილო პაატა ბურჭულაძე ოპოზიციურ ძალებთან ერთად სექტემბერში არჩევნების ტელეფონით ჩასატარებლად ემზადება. საკუთარ შეთავაზებას მსოფლიო ბანი ესტონური მაგალითით ამყარებს და ხელისუფლების ლეგიტიმაციის არ აღიარების ფონზე არჩევნების სამართლებრივად გამყარება ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოთი და სალომე ზურაბიშვილის ფაქტორით ესახება. ყოფილი პრეზიდენტის სამოქმედო გეგმის და ნაბიჯების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ბურჭულაძისთვის ზურაბიშვილი კვლავ მოქმედი სახელმწიფო მეთაურია. გუშინდელ შეხვედრაზე დაანონსდა ახალი გაერთიანების, „რუსთაველის გამზირის“ შექმნაც. ბარიერგადალახული ძალების არასრულ შემადგენლობასთან ერთად კონსულტაციებს სხვა ოპოზიციური პარტიებიც ესწრებოდნენ, რომლებიც, ბურჭულაძის მსგავსად, უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმის და მეტი აქტივობის მომხრეები არიან.
რას გულისხმობს არჩევნების ტელეფონით ჩატარება და მისაღებია თუ არა ინიციატივა ექს-პრეზიდენტისთვის, რომლის წინააღმდეგობის პლატფორმას ბოლო პერიოდში არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა – მსოფლიო ბანის გეგმამ პოზიციები ოპოზიციურ სპექტრშიც გაყო.