არჩევნები და სააკაშვილის პოლიტიკური გეგმა

ქართული პოლიტიკისგან დისტანცირების გადაწყვეტილების შემდეგ რადიკალურად შეცვლილი პოზიცია – პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ცდილობს და ორად გახლეჩილ საკუთარ გუნდს კლინიკიდან ახალ-ახალ პოლიტიკურ დავალებას აძლევს. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ექს-პრეზიდენტმა თანაგუნდელებს საპარლამენტო არჩევნებში პირველობისთვის ბრძოლა და პარტიის შიგნით თუ სხვა პოლიტიკურ აქტორებთან ერთიანობის მიღწევა მთავარ გეგმად დაუსახა, თუმცა ჩნდება კითხვა, რამდენად შეასრულებს ამ დავალებას პარტია, სადაც შიდა დაპირისპირება და კრიზისი ყოველდღიურად იზრდება. შიდა განხეთქილების დასაძლევად სააკაშვილი პოლიტ-საბჭოს ხელმძღვანელობის და პროცესების პირად კონტროლზე აყვანის პირობას დებს. მისი სახელით მუშაობა გააქტიურებულია უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთანაც. თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის ბიძის მიერ ამერიკაში გამართულ შეხვედრაზე გახმოვანებულმა გზავნილებმა საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ დესტაბილიზაციის გეგმაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა.