არჩევნები და დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

საათები რჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“ დანიშნულ შიდა არჩევნებამდე. ხვალ და ზეგ 50 000-მდე რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მთავარი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილია, რომელმაც დღეს 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. გეგმის პირველივე პუნქტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტის გახსნას გულისხმობს, ხაბეიშვილის ბრძოლის სტრატეგია მთელი ქვეყნის მასშტაბით წინააღმდეგობის გაძლიერებას და პარტიის შიგნით ცვლილებებს მოიცავს. გეგმას არასერიოზულად მიიჩნევს და კონკურენტის გამარჯვების შემთხვევაში არაფორმალური გავლენების გაძლიერებას ელოდება ნიკა მელიას გუნდი, რომელიც ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს კულისებიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს. უცნობია, იგულისხმა თუ არა სწორედ ისინი დღეს ხაბეიშვილის მხარდამჭერმა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელმაც პარტიაში ბევრი წონიანი ფიგურის დაბრუნებაც დააანონსა.