არჩევნები 2025 - პოლიტიკური პარტიების გეგმები 

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ოპოზიციის რიგებში კი ერთიანი სამოქმედო გეგმა ისევ არ არსებობს.

ქუჩის პროტესტის გაძლიერება, მშვიდობიანი დამხობა, არჩევნებში მონაწილეობა თუ ბოიკოტი – ეს არის საკითხები, რაც ოპოზიციურ ფლანგზე უკვე თვეებია უთანხმოების და ურთიერთბრალდებების მიზეზია. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი 4 ოქტომბერს აქციას, მეორე ნაწილი ყრილობას, ნაწილი კი „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებს. რას ნიშნავს ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა“ –  ტერმინმა, რომელიც ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრმა  ერთ-ერთი გამოსვლის დროს გამოიყენა, კითხვის ნიშნები თავად ოპოზიციის შიგნით გააჩინა. ვიდრე გაირკვევა პოლიტიკური ბრძოლის რა ფორმას აირჩევენ ხელისუფლების ოპონენტები, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი რვა პარტია, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ სუბიექტებს ისევ არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს და მათ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაში ადანაშაულებს.