არჩევნები 2025 – პარტიების გეგმები და შანსები
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. სანამ ოპოზიციის ერთი ნაწილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს, მეორე ნაწილი 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერები კენჭისყრის დღეს მთავრობის მშვიდობიანი ფორმით დამხობას და ხელისუფლების გადაბარებას აანონსებენ.
მმართველი გუნდისთვის ამ დრომდე გაუგებარია, რა იგულისხმება „მშვიდობიან დამხობაში“. უმრავლესობის წევრები ოპონენტებს ახსენებენ, რომ ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება, პარალელურად კი, საკუთარ გამარჯვებას 64-ვე მუნიციპალიტეტში აანონსებენ.