არჩევნები 2019 - ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

პარლამენტის და საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები დასრულებულია. ხმის მიცემა ერთი საათის წინ შეწყდა. 410-ვე უბანი ზუსტად 20 საათზე დაიხურა.

დახურულ უბნებზე საარჩევნო ყუთების დალუქვის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ხმების დათვლა უნდა დაიწყოს. დათვლილი ბიულეტენები ჯერ საოლქო, შემდეგ კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იგზავნება.

ცესკო უბნების მიხედვით არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, ღამის 12 საათის შემდეგ დაიწყებს. მთაწმინდის ოლქში დღეს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება.

ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში კი რიგგარეშე არჩევნებია და მერებს ირჩევენ.