დაკავება არასრულწლოვნებთან ინტიმური ხასიათის მიმოწერისთვის

სოციალური ქსელით არასრულწლოვნებთან ინტიმური ხასიათის მიმოწერისთვის, 30 წლის მამაკაცია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, facebook-ით სისტემატიურად აიძულებდა მოზარდებს მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. ამ გზით მოიპოვებდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე მათ პერსონალურ მონაცემებს. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი მოზარდის მშობლის შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. მამაკაცის იდენტიფიცირება მოკლე დროში მოხერხდა. ბრალდებულის სტატუსით ის თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.