არასრულწლოვნების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში სექტემბრიდან დაიწყება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ პირველ არხს ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა განუცხადა.

მეორე ინსტანციაში დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს. თავის მხრივ, განაჩენს ასაჩივრებს მთავარი საგამოძიებო უწყება, რომელიც განაჩენის დადგომას მათ მიერ წარდგენილი კვალიფიკაციით ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედებოდა ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობა, დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც ეხება მეორე არასრულწლოვანს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის მკვლელობა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ბრალი გადაკვალიფიცირდა და არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობისთვის. მას ცხრა წლით და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.