„საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ და „საქართველოს საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა მედიას დღეს დოკუმენტი წარუდგინეს, რომელიც მათი განმარტებით, სისტემური ძალადობის კონკრეტულ მაგალითებს ასახავს.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს სისტემური წამების, არაადამიანური მოპყრობის, რეპრესიების, ჟურნალისტებზე თავდასხმის დოკუმენტირება. ეკა გიგაურის თქმით, დოკუმენტები პერიოდულობით გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მიზნად ისახავს პარტნიორების ინფორმირებას. მისი თქმითვე, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არცერთ ფაქტზე არ რეაგირებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, დამნაშავე პირები იდენტიფიცირებულები არიან.