არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები 

მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს ქვეყანა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარით და შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობით ჩაატარებს.

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესმა მესამე სექტორში პოზიციები გაყო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს საოლქო და საუბნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცედურამ არაერთი კითხვა და ეჭვი გაუჩინა. მათ შორისაა „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც ყველაზე მწვავე დასკვნა დადო. აქტიური განხილვის თემაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძღვანელის მიმართ ნდობის საკითხიც. მესამე სექტორის წარმომადგენლები წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებენ და ექვსი თვის ვადით არჩეული გიორგი კალანდარიშვილისგან ყველა დარღვევაზე სწრაფ და სერიოზულ რეაგირებას ელოდებიან. ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ რეფერენდუმად მიჩნეულ თვითმმართველობის არჩევნებს 2 ოქტომბერს 54 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.