არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიმართვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აშშ-ის ხელისუფლებას მიმართავს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შტატების ხელისუფლების, კონგრესის წევრებისა და ამერიკელი ხალხის მიმართ „აგრესიული და უპასუხისმგებლო რიტორიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ამ ქვეყნის ცივილიზაციური მიზნებისა და კონსტიტუციით გამყარებული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღებით მოუსმინოს საქართველოს მეგობრების გზავნილებს და გადადგას ნაბიჯები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის აღსადგენად, აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციის და შეურაცხყოფის კამპანიას,“ – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობოთა განცხადებას იზიარებს, უმრავლესობაში კი მესამე სექტორის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს სპეკულაციებს უწოდებენ.