არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველს მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ის წამებას ვერ დაადგენს, ასევე წამებას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი და ეს ფაქტი საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს. მესამე სექტორს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, საზოგადოებას არ მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია და ჩადენილი დანაშაულის წონა შემცირდეს. აღნიშნულ ბრალდებას თავად სახალხო დამცველი ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს მოიცავს, მათ შორის წამებას, წამების მუქარას, არაადამიანურ მოპყრობასა და სხვა. ლევან იოსელიანის განმარტებით, მისმა აპარატმა 10-ზე მეტი განცხადება გაავრცელა, სადაც პასუხისმგებლობას პოლიციას და ხელისუფლებას აკისრებს.