არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის შუალედური ანგარიშები

 წინასაარჩევნო გარემო ორი არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნებში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ შუალედურ ანგარიშებს აქვეყნებენ. მონიტორინგის შედეგები და შეფასებები თითქმის ერთმანეთის იდენტურია. საუბარია არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტების გახშირებაზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი ყოფილი პრემიერის პარტიის წევრების ან მხარდამჭერების შევიწროებაზე კეთდება. პოლარიზებულად ფასდება მედიაგარემოც.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ყველაზე აქტიურ საარჩევნო კამპანიას მმართველი პარტია და გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალა აწარმოებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ანგარიშებში მოყვანილ კონკრეტულ ფაქტებს „ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს.