არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ნინოწმინდის პანსიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მესამე სექტორი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და მოუწოდებს მთავრობას უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადადგას. არასამთავრობოები ასევე ითხოვენ, შეიქმნას სპეციალური კომისია, მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი და ახალი ინსტიტუციები ბავშვებისათვის. განცხადებას ხელს 40 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. განცხადებას ავრცელებს „სამართლიანი არჩევნებიც“ და მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოსა და პანსიონის ადმინისტრაციას „დაუყოვნებლივ შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში და შეწყვიტოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფა, მათი სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამის ამსახველი ვიდეოების გასაჯაროება. ასევე, შეწყვიტოს ბავშვების გაყვანის პროცესის ხელშეშლა; სამართალდამცავ უწყებებს – დაუყოვნებლივ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების შესახებ; სახელმწიფოს – უარი თქვას ამ ტიპის ბავშვთა სახლებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მინდობით აღზრდაში გადაყვანის პროცესი“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ვითარება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში