არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს წერილს ეხმაურება. მათი ინფორმაციით, საუბარია 11 აგვისტოს ბიუროსგან მიღებულ დოკუმენტზე, რომლითაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავებიან და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მოთხოვნის მიუხედავად, ისინი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირებას არ აპირებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ფარას“ სტანდარტებით მათ რეგისტრაცია არ ეკუთვნით. ისინი ბიუროსთვის ოფიციალური პასუხის გაგზავნას მომავალ კვირაში გეგმავენ და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებასაც აანონსებენ.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბრძანების საფუძველზე, ბიურომ ბანკებიდან და შემოსავლების სამსახურიდან ფინანსური ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის დამუშავებითაც დასტურდება, რომ ამ ორგანიზაციების დაფინანსების ძირითადი წყარო უცხოური დონორების მიერ გაცემული გრანტებია. შესაბამისად, მათ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით გათვალისწინებული განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა ევალებათ. წერილში აღნიშნულია, რომ შესაბამისი განცხადების დადგენილ ვადებში ბიუროსთვის წარუდგენლობის გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.