არასამთავრობო ორგანიზაციები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული, საპროტესტო აქციის რვა მონაწილის – ზვიად ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის და ინსაფ ალიევის საქმეს ეხმაურება და მას ხელოვნურად შექმნილსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების 14 ტომის შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე მათი შეფასებით, ძირითადი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კიდევ რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ რომ, საქმის მთავარი მიზანი, ბრალდებულების დასჯა და პროტესტში მონაწილეობის გამო ახალგაზრდების დაშინებაა. ბრიფინგს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.