არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

საპროტესტო აქციების მონაწილე ქალთა მიმართ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალადობაზე და სასამართლოზე ცრუ მოწმეებად გამოკითხულ პოლიციელებზე გააკეთეს განცხადება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურის განმარტებით, 28 ნოემბრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს შეტყობინებები 10 ქალის დაკავების თაობაზე. მათი თქმით, დაკავებულების განცხადებით, სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდა, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით. ლომჯარია და გიგაური საზოგადოებას მოუწოდებენ, თუ მსგავსი ფაქტები ისევ განმეორდება, ისარგებლონ არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელი ხაზით ან დაუკავშირდნენ ადვოკატს. იზოლატორში გადაყვანის შემთხვევაში პირადი დათვალიერება უნდა ჩაუტარონ იმავე სქესის წარმომადგენლებმა. ისარგებლონ სახალხო დამცველის ცხელი ხაზით 1481 ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელი ხაზით 199-ით. ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ. ბრიფინგზე ლომჯარიამ და გიგაურმა, მათი ინფორმაციით ცრუ მოწმე პოლიციელების და ძალადობის საქმეებში ჩართული ოთხი პირის სახელები და გვარები დაასახელეს.