არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფების შემადგენლობა მცირდება. ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია პროტესტის ნიშნად, პროცესს ემიჯნება. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ისფედი-ს მიმართ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციად მიიჩნევენ და საკუთარ ადგილს მმართველი გუნდის მიერ შექმნილ კომისიებში ვეღარ ხედავენ. მწვავეა ოპოზიციის შეფასებები. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას ითვალისწინებს და პროცესის წარმატებით დასრულებას მიზანმიმართულად უშლის ხელს. არ შეცვლილა სახელისუფლებო პარტიის განმარტებები, – უმრავლესობაში თვლიან, რომ „სამართლიანი არჩევნები“, არა არასამთავრობო, არამედ პოლიტიკურად მიკერძოებული ორგანიზაციაა.