აქციებზე დაკავებული პირების მიმართ სისტემურ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი განცხადებით ისინი ეყრდნობიან დაკავებულების ადვოკატების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, სადაც გამოიკვეთა რომ მასშტაბურად ხდებოდა მათ მიმართ დაკავების პროცესში ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშწორება, რომელიც იზოლატორში მათი გადაყვანის შემდეგაც გრძელდებოდა. ასევე სასამართლოებზე მოწმის სახით გამოძახებული პოლიციელები აძლევდნენ ცრუ ჩვენებებს და სასამართლოში ზოგადი ფრაზებით ცდილობდნენ შესაძლო სამართალდარღვევის აღწერას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსგავსი დავალების გამცემი და შემსრულებელი პირების პასუხიმგებლობის საკითხზე მიუთითებენ და ასახელებენ რამდენიმე სამართალდამცავის გვარს, რომლებმაც მათი ინფორმაციით სასამართლო დარბაზში ცრუ ჩვენება მისცეს.