არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში
პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებში – ამ თემაზე დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა გრძელდება, კერძოდ კი საუბარია, პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, არჩევნების ჩატარებიდან დღემდე, მოქალაქეთა დაკავების დროს გამოკვეთილ ტენდენციებზე ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანეს. პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობის მაგალითებს შორის დასახელდა, უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეები. მათივე თქმით, პრობლემატურია ისიც, რომ პოლიცია პოლიტიზებულია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, ამ გარემოებას, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები და მედიის მიერ საჯაროდ გავრცელებული კადრები ადასტურებს. ტენდენციებს შორის დასახელდა, პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების დაუსჯელობა. მათივე თქმით, საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან, პროტესტის მონაწილეთა, აქტივისტთა და ჟურნალისტთა მიმართ სამართალდამცავების თუ კრიმინალური ჯგუფების მიერ ჩადენილი ასობით ძალადობის არც ერთ ფაქტზე არავინ მიცემულა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა 52 პირს. აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ კი დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ბრიფინგზე საუბარი შეეხო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის პრაქტიკასაც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, საქმეთა განხილვა ხარვეზებით მიმდინარეობს. დასახელდა აღნიშნული საქმეების განმხილველი მოსამართლეების, საქმის პროკურორებისა და მოწმეთა გვარებიც.