არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსების ახალი სქემა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის წესდების მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ამასთან, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ექნება უფლებამოსილება საჭიროებისამებრ, გამოსცეს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილების მიზანი მთავრობის მიერ სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა. მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. ოპოზიცია ამ ინიციატივას აკრიტიკებს, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.