არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხის პირველი ვიზიტი საქართველოში.
ცოტა ხნის წინ სტუმარს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. მანამდე კი იყო შეხვედრები პრემიერთან და მთავრობის წევრებთან. განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ასევე შუა დერეფნის პროექტზე და ამ კონტექსტში თბილისის მშრალ პორტზე კეთდება. ყურადღება გამახვილდა იმ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც სწორედ გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ხორციელდება. საუბარია ექვსი მილიარდი დოლარის ოდენობის საინვესტიციო შეთანხმებასა და აბუ-დაბიში იანვარში ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც უძრავი ქონების სფეროში 27-წლიანი ისტორიის მქონე ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის, „ემაარ ჯგუფის“ მიერ თბილისსა და აჭარაში ორი მრავალფუნქციური პროექტის დაწყებას გულისხმობს. სწორედ ამ კომპანიის თბილისში მყოფ დელეგაციაში „ემაარის“ ხელმძღვანელიცაა.