აქტივისტების ტრენინგი ლიეტუვაში - პოლიტიკური შეფასებები 

პოლიტიკური შეფასებების თემაა გამოცემა „პრაიმტაიმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების, „ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მიერ, სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კიბერუსაფრთხოების კურსების საფარქვეშ, ქართველი აქტივისტების გადამზადება მიმდინარეობს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის. „პრაიმტაიმი“ წერს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, ქართველ აქტივისტებს ქუჩების საპროტესტო აქციების ტაქტიკას, პროვოკაციების მოწყობას და სამართალდამცველთა ქმედების დოკუმენტირებას, ე.წ ვირუსული კონტენტის შექმნას ასწავლიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კონკრეტული ტრენინგების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ინტერესი მხოლოდ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპებისა და სამართლის უზენაესობის დაცვაა. გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვი არ შეაქვთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. მათი განცხადებით, არსად წასულა ინტერესი, რომ საქართველოში ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს, ამიტომ მმართველი პარტიის წევრები აფრთხილებენ ყველას, რომ ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ქვეყანაში შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.