აქტივისტების სასამართლო პროცესი – შეფასებები

21:15, 28.07.2026

საქალაქო სასამართლოში თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციებზე დაკავებულების პროცესები იმართება. სასამართლომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ვასო აბაშიძე დამნაშავედ ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა, რაც შეეხება მეორე მუხლს, წვრილმან ხულიგნობას სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. ვასო აბაშიძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ია მელითაურს. საკრებულოსთან აქციის რამდენიმე მონაწილე შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერებით იმყოფებოდა. აქტივისტები პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გრძელდება კიდევ ოთხი პირის პროცესი. მოსამართლე ზვიად ცეკვავა თორნიკე თოშხუას, ნატო ბოლქვაძის, მარიამ მეყანწიშვილის და შაკო ბაღდოშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განიხილავს. საკრებულოსთან განვითარებული მოვლენები  პოლიტიკური შეფასებების თემაა. სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვის შეურაცხყოფას შორის – ეს არის საკითხი, რომელზეც პოზიციები ოპოზიციაშიც გაყოფილია. მაშინ როდესაც, ხელისუფლების შეურაცხყოფას ოპოზიციის ერთი ნაწილი ჩვეულებრივ პრაქტიკად აცხადებს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ სიძულვილის კამპანიით მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოზიციები ძლიერდება. მმართველი გუნდი კი სიძულვილის ენის პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოყენებაზე საუბრობს.

მსგავსი