აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციების გაგრძელებას გეგმავენ მანამდე, ვიდრე მათ მიერ მოთხოვნილი პრეპარატის დაფინანსება არ მოხდება.

მშობლების ნაწილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას აღარ ელოდებიან, რადგან დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ თავს დამცირებულად გრძნობენ.

მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილ მშობლებთან დღეს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მივიდა. მან აქციის მონაწილეებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა გამოუცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კი უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი შეუთანხმებლობა ვადებს უკავშირდება, სამინისტრო მზადაა, გააგრძელოს საკითხების მიმოხილვა და მსჯელობა ქვეყანაში მედიკამენტის დანერგვის ეტაპებსა და ხანგრძლივობაზე.