აქციის მონაწილეთა მოთხოვნა

პარლამენტის შენობის წინ აქციისთვის საჭირო ატრიბუტიკის, მათ შორის, სცენისა და ჯებირების დაბრუნება მოითხოვეს დემონსტრაციის ორგანიზატორებმა.

ბრიფინგი საკანონმდებლო ორგანოსთან გაიმართა, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ დედაქალაქის მერიას ტექნიკის უკან დაბრუნება კატეგორიულად მოსთხოვა და კიდევ ერთხელ დააანონსა აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე დღეს ისევ 7 საათზე დაიწყება.

ატრიბუტიკასთან დაკავშირებით მოთხოვნებს „თბილსერვის ჯგუფმა“ განცხადებით უპასუხა, სადაც წერია, რომ კონსტრუქციები გეგმური დასუფთავების ფარგლებში, ტერიტორიიდან მხოლოდ დროებით გაიტანეს და მალე უკან დააბრუნებენ. რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის ადგილზე არ დახვედრია. ასევე, საპასუხო მიმართვაში წერია, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი აქციისთვის ხელის შეშლა არ ყოფილა.