როგორია აქციის დროს დაშავებულების მდგომარეობა

აქციის დაშლის დროს დაშავებული მოქალაქეებიდან კლინიკებში 10 პაციენტი მკურნალობს. საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ორი მოქალაქე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა ავთანდილ თალაკვაძე ამბობს, რომ მათ შემთხვევაში ფიქსირდება დადებითი დინამიკა. ერთი პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მისივე ინფორმაციით, ერთი დაშავებული პაციენტი გუშინ სამკურნალოდ მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაემგზავრა. პოლიციის ორი თანამშრომლის გადაყვანა იგეგმება დღეს თურქეთში. ერთი პაციენტი რეაბილიტაციას გაივლის ისრაელში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი პაციენტების მდგომარეობას კი ადგილზე მონიტორინგს უწევენ ისრაელიდან ჩამოსული ექიმები. საზღვარგარეთ თუ საქართველოში დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის ხარჯს ფონდი „ქართუ“ დაფარავს.