აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები გრძელდება. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილე გივი ჯვარშეიშვილი, რომელსაც შსს პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა, მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. თავად ჯვარშეიშვილმა კი სასამართლო სხდომაზე, შსს-ს თანამშრომლების მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 1 დეკემბერს გამთენიისას, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა პროტესტს, რა დროსაც სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად გაუსწორდნენ და სცემეს, რა დროსაც მიიღო მძიმე დაზიანებები. მისი თქმით, სპეცრაზმელების მხრიდან მის მიმართ იყო გაუპატიურების მუქარაც, ასევე წაართვეს საფულე და ტელეფონი. როგორც ჯვარშეიშვილი ამბობს, დაკავების მანქანიდან ე.წ. საკაცით სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს, რადგან გადაადგილება აღარ შეეძლო.