რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების პროცესები გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
უკვე გაიმართა სამი პროცესი, განიხილეს ადმინისტრაციული ბრალდებები. სამივე პროცესი გადაიდო. ერთ-ერთ პროცესზე, არასრულწლოვნის ადმინისტრაციულ დარღვევაზე იმსჯელეს, მეორე პროცესზე კი, ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავასთან დაკავშირებით. ბიზნესმენს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ის 30 ნოემბერს დააკავეს და როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, იმდენად მძიმე იყო მისი დაზიანებები, რომ პოლიციის განყოფილებიდან, კუჭავა პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დრომდე მას წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, რის გამოც პროცესში მონაწილეობა დისტანციურად მიიღო. მოსამართლემ მხარეთა შუამდგომლობები მოისმინა, რომელიც მოწმეთა დაკითხვას ეხებოდა და ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი კი, გადაიდო, იქამდე ვიდრე კუჭავა შეძლებს მასზე დასწრებას. ბიზნესმენის პროცესს ოთხი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კიდევ ერთი პროცესი, სადაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულ გიორგი კილასონიასთან დაკავშირებით იმსჯელეს. მას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. მისი უფლებადამცველის, გიორგი ტაბატაძის განცხადებით, კილასონია 29 ნოემბერს დააკავეს და ე.წ სპეცრაზმელების დერეფანში გაატარეს. შედეგად, კილასონიამ თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. მიღებული დაზიანებების გამო, კილასონია იზოლატორის ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა. უფლებადამცველის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა ორმა პოლიციელმა სასამართლოს არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს თითქოს კილასონია მათ დააკავეს. ადვოკატი ირწმუნება, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიამართლეს, რაც დადასტურდა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.