აქციებზე დაკავებულების სასამართლო

პროტესტის მიზეზი ხდება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილება. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვეს. მათ შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომლის მხარდასაჭერად დღეს სასამართლოსთან მისი კოლეგები იყვნენ შეკრებილები. დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს. ჯერ კიდევ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე უკმაყოფილება გამოიწვია საგამოძიებო ვადის გაგრძელებაზე მოსამართლის განცხადებამ, რომელიც ადვოკატებმა პროკურატურის პოზიციის გაჟღერებად მიიჩნიეს. სხდომაზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად ანდრო ჭიჭინაძემ და კიდევ ორმა ბრალდებულმა. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. პარლამენტთან 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა პატიმრობაში დატოვებას მძიმე რეაქციები მოჰყვა დარბაზში და დარბაზს გარეთ. სასამართლოს ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ. ქეთევან ჯაჭვაძეს მწვავედ აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილიც.