მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე – შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიკითხა. მან აქციის დროს მიღებულ დაზიანებებზე ისაუბრა. დაცვის მხარის კითხვაზე – დაინახა თუ არა კონკრეტული პირი, ვინც მას ქვა ესროლა, განაცხადა, რომ არ დაუნახავს. ასევე დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მოწმეთა ნაწილი უდავოდ გახადა. საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორებს. დაცვის მხარის განცხადებით, შვიდი თვეა სასამართლო პროცესები გრძელდება და დღემდე არცერთ მოწმეს კონკრეტულ ბრალდებულზე არ უსაუბრია, ასევე საქმის მასალებშიც არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დაკავებული პირების ბრალეულობა დასტურდება. შეგახსენებთ, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების ფარგლებში დაკავებულ 11 პირს, პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულები ბრალს აბსურდულს უწოდებენ და არ აღიარებენ.