აქციების დროს დაკავებულების სასამართლო

15:19, 08.07.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან.

უკვე დაიკითხა ორი მოწმე – სამართალდამცველი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი. სამართალდამცველმა სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიხსენა აქციაზე განვითარებული მოვლენები. მისი თქმით, მისი საპროტესტო აქციაზე მისვლიდან ერთ საათში დაიძაბა სიტუაცია, რა დროსაც აქციის მონაწილეები სხვადასხვა ნივთს ისროდნენ. მოწმის თქმით, ერთ-ერთი ნასროლი ნივთი თავის არეში მოხვდა, რის შემდეგაც მოგვიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა კი ძირითადად სამსახურის მიერ დათვლილ, აქციების პერიოდში მიღებულ ზარალზე ისაუბრა. ადვოკატების განცხადებით, საქმეში რეალური მოწმეები არ არსებობენ. მათივე განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. შეგახსენებთ, რომ საქმეზე ბრალდებულ რვა პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

მსგავსი