აქციები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან
ათი თვის შემდეგ მელიქიშვილის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრად იქცა. 8 სექტემბერს, საღამოს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულმა მოვლენებმა პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. ორი დღის წინ დაფიქსირდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების არაერთი შემთხვევა – საპროტესტო მარშის მონაწილეები და მმართველი პარტიის მხარდამჭერები თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აღძრულია სამი საქმე და არსებობს ჩხუბისა და ძალადობის ამსახველი არაერთი ვიდეომასალა, რომლებსაც ორივე მხარე თავის სასარგებლოდ იყენებს. აქციაზე მყოფები პოლიციელების პასიურობასა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებებზეც მიუთითებენ. თბილისის მერობის კანდიდატის შტაბი კი დემონსტრანტებს გარე ძალების დავალებით სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ხელისშეშლაში ადანაშაულებენ. 8 სექტემბრისგან განსხვავებით, მცირე გამონაკლისების გარდა, პროტესტის ერთ-ერთ მთავარ კერად ქცეულ ადგილზე გუშინ აქციამ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. მელიქიშვილის გამზირის მოვლენების ფონზე თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე ოპოზიციური პარტიებისა და ბოიკოტის მომხრე ძალების პოზიციები ერთმანეთს კიდევ უფრო დაშორდა.