„თბილისი მოლთან“ გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების ნაწილის საქმეებზე საქალაქო სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ გიორგი ქადაგიძის პროცესია ჩანიშნული, რომელიც ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩება.
დაკავებულების ადვოკატები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დაკავების შემდეგაც მოქალაქეებს სამართალდამცველები ფიზიკურად უსწორდებოდნენ. საპოლიციო ძალებმა 2 თებერვლის აქციაზე 31 პირი დააკავეს, რომელთა ნაწილი ხელწერილით გაათავისუფლეს. არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებულთა დიდი ნაწილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ. პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საუბრობს სახალხო დამცველიც და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ძიების დაწყებისკენ მიუთითებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი მიმართავს გენერალურ პროკურორს, რომ გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან ძალადობის ფაქტზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და მას უფლებამოსილება შეუჩერდეს. საუბარია კადრებზე, სადაც სამართალდამცველებს დაკავებული პირი მიჰყავთ ზვიად ხარაზიშვილის ავტომანქანასთან და ის ფიზიკურად უსწორდება აქციის მონაწილეს.