აქციაზე დაკავებული რვა პირი თავისუფალია

გიგი უგულავა თავისუფალია, პენიტენციური დაწესებულება დატოვა ასევე იმ შვიდმა პირმა, რომლებსაც უგულავას მსგავსად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლის საფუძველზე ედავებოდნენ. ისინი გირაოს გადახდის შემდგომ გათავისუფლდნენ და პენიტენციური დაწესებულებები დატოვეს. სასამართლომ გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს და ალექსანდრე გოგოლაძეს 5000-ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას და ნიკოლოზ კუტუბიძეს კი 3 500-ლარიანი გირაო შეუფარდა. აღნიშნულ პირებს ბრალი ედებოდათ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაში. წარდგენილი ბრალდება ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „თბილისი მოლთან” გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.