ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოსამართლე 5 პირის შესახებ მსჯელობს, მათი საქმეები ერთგვაროვანი შინაარსიდან გამომდინარე გაერთიანებულია. პროცესის დაწყებამდე ერთ-ერთი დაკავებულის უფლებადამცველის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, სამართალდამცველებმა, ჭიჭინაძის ქუჩაზე უკანონოდ დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, საქმეში, არ არსებობს ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობას ადასტურებს. დაკავების დეტალებზე ისაუბრა საბა ზაკალაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ ის 29 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტრიაზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულ პირებს, გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. მათ შორის არის პლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი, რომელიც პოლიციამ მეტრო რუსთაველის ფოიეში დააკავა, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი პოლიციას ეუბნება, რომ ჟურნალისტია.