აქციაზე დაკავებულების საქმეები და დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

დაკავებებით დასრულდა „თბილისი მოლთან“ გამართული გუშინდელი საპროტესტო აქცია. 31 პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ნაწილი ხელწერილების საფუძველზე გათავისუფლდა, მათ შორისაა ნიკა მელია, გიგი უგულავა კი ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ჰოსპიტალიზირებული მოქალაქეებიდან ამ დრომდე კლინიკებში იმყოფება ხუთი ადამიანი. არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებულთა დიდი ნაწილის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ. აქციის მსვლელობის დროს ვითარება არაერთხელ დაიძაბა, იყო გზის გადაკეტვის მცდელობა. ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან დაფიქსირდა მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამატების ფაქტებზე საუბრობს სახალხო დამცველიც და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ძიების დაწყებისკენ მიუთითებს.