დღეს უნდა იმსჯელოს სასამართლომ „თბილისი მოლთან“ გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების ნაწილის საქმის შესახებ. გიგი უგულავა და გიორგი ქადაგიძე ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. დაკავებულების ადვოკატები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დაკავების შემდეგაც მოქალაქეებს სამართალდამცველები ფიზიკურად უსწორდებოდნენ. უფლებადამცველები ასევე აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა და ისინი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. თბილისის გასასვლელში აქცია ორ თებერვალს გაიმართა, აქციის მსვლელობის დროს ვითარება არაერთხელ დაიძაბა, იყო გზის გადაკეტვის მცდელობა. საპოლიციო ძალებმა 31 პირი დააკავეს.
მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, რამდენიმე საათში გათავისუფლდა ასევე ნიკა მელია.
არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებულთა დიდი ნაწილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ. მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები – პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამატების ფაქტებზე საუბრობს სახალხო დამცველიც და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ძიების დაწყებისკენ მიუთითებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს გენერალურ პროკურორს, რომ გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და მას უფლებამოსილება შეუჩერდეს. საუბარია კადრებზე, სადაც სამართალდამცველებს დაკავებული პირი მიჰყავთ ზვიად ხარაზიშვილის ავტომანქანასთან და ის ფიზიკურად უსწორდება აქციის მონაწილეს.