აქციაზე დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს

გვიან ღამით, პარლამენტთან ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დაკავებული 30 პირი ამ დროისთვის მცხეთის, ზაჰესისა და დიღმის დაკავების იზოლატორებში არიან გადანაწილებულები. ადვოკატების ინფორმაციით, დიღმის იზოლატორში 11 პირია მოთავსებული, ისინი მათ მოსანახულებლად 1 საათის წინ მივიდნენ. დაკავებულებისთვის საკვების მიწოდების მიზნით მივიდა ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და პარტიის წევრები. იზოლატორში იმყოფებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულს ოჯახის მოთხოვნით შეხვდა, რადგან ახლობლების განცხადებით, მასზე პოლიციამ დაკავებისას იძალადა. თუმცა, თავად გამომძიებლის განცხადებით, დაკავებულმა შეხვედრისას ძალადობის ფაქტი არ დაადასტურა.