აქცია ზუგდიდში

საპროტესტო აქციები გრძელდება ზუგდიდშიც. სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, პედაგოგები, ექიმები დღეს ისევ შეიკრიბნენ სამხარეო ადმინისტრაციის წინ. შეკრებილებს მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ყველა დაკავებულის გათავისუფლება და ქვეყნის ევროპული კურსის გაგრძელება.

ზუგდიდში აქციას შემოუერთდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. მათ აქციის მონაწილეებთან ერთად მსვლელობით მოიარეს ქალაქის ცენტრალური ქუჩები. აქციის მონაწილეები მსვლელობის შემდეგ კვლავ სამხარეო ადმინისტრაციასთან დაბრუნდნენ, სადაც უკვე დიდ ეკრანზე თბილისში მიმდინარე პროცესებს ადევნებენ თვალს.