აქცია ყვარელში

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

ადგილობრივები სოფლის კუთვნილი 35 ჰექტარი ფართობი საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რამდენიმე დღეა გაიგეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საძოვრები მოსახლეობისგან მალულად გასხვისდა. სხვა შემთხვევაში ტერიტორიას სოფელი ან თავად შეისყიდიდა, ან გასხვისების წინააღმდეგ გამოვიდოდა. ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას ითხოვს.

აქციის მონაწილეების ბრალდებას ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა უპასუხა. მისი თქმით გასარკვევია, რომელ წელს გასხვისდა მიწის აღნიშნული ფართობი და ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება, მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

აქციის მონაწილეებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი პრობლემებში გარკვევას დაპირდა. მისი თქმით, მერიაში სპეციალისტთა ხუთკაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც აღნიშნული საძოვრების გასხვისების კანონიერებას შეისწავლის და რეაგირებას ამ დასკვნის შესაბამისად მოახდენს.