აქცია წყნეთის გზატკეცილზე

მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ წყნეთის გზატკეცილზე. აქციას პარტია „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიაც შეუერთდა. ადგილობრივების განცხადებით, გეოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით, კორპუსების მშენებლობა დაუშვებელია. ასევე, მოქალაქეები ამბობენ, რომ ვიწრო ფერდობებზე ახალი კორპუსების მშენებლობა აზიანებს მიმდებარე სახლებს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ახალ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა 2013 წლიდან შეჩერებული იყო, თუმცა, მშენებლობის დაწყების ნებართვა ამა წლის 2 სექტემბერს გაიცა. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მისამართზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა 2020 წლის 16 თებერვალს, ხოლო მშენებლობის ნებართვა გაიცა 2020 წლის 2 სექტემბერს. მათივე ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვის გასაჩივრება შესაძლებელია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.