სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა კომპანია „ვისოლის“ სათავო ოფისთან აქცია სახელწოდებით „არა რუსული ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“ გამართეს. მათი განმარტებით, „ვისოლის“ ხელმძღვანელობას არ დაუფიქსირებია პოზიცია საქართველოში, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და არ დაუგმია ძალადობის ფაქტები.
ასევე, ისინი აპროტესტებენ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კადრის ამოღებას „ვისოლის“ საეთერო რეკლამიდან. 4 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები „ვისოლის“ რეკლამიდან, რომელშიც წინა, თითქმის იდენტური ვერსიისგან განსხვავებით, ანდრო ჭიჭინაძე აღარ ჩანდა. მოქალაქეების ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ „ვისოლმა“ ჭიჭინაძის კადრები სწორედ პოლიტიკური მიზეზით ამოიღო რეკლამიდან.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას სახელით განცხადებას ავრცელებს. გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით სარეკლამო კლიპის სრული ვერსია სატელევიზიო ეთერში განმეორებით გადიოდა 2024 წლის სექტემბრიდან. მსახიობთან განახლებული კონტრაქტის საფუძველზე, მისი მონაწილეობით კადრის გამოყენების ნებართვა სატელევიზიო ეთერში 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე გვქონდა. შესაბამისად, დაკორექტირდა კლიპიც და ახალი ვერსია ტელევიზიებს გაეგზავნათ 2024 წლის 26 ნოემბერს, ხოლო დაკორექტირებული რგოლი ეთერში განთავსდა პირველი დეკემბრიდან. მსახიობის დაკავება კი, როგორც მოგეხსენებათ, 5 დეკემბერს მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.