აქცია თელავში

15:32, 11.08.2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მოსახლეობის აქცია გაიმართა. ადგილობრივები სოფლიდან 3 კილომეტრში მდებარე ნაგავსაყრელის დაკონსერვებასა და სხვაგან გადატანას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ნაგავსაყრელისკენ მიმავალი გზის დაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. ადგილობრივების განცხადებით, ნაგავსაყრელიდან წამოსული სუნისა და ანტისანიტარიის შედეგად გაჩენილი მწერების გამო, სიცხეში ფანჯრებს ვერ აღებენ და ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ. ამბობენ, რომ ნაგავსაყრელის ახლოს ჭაბურღილი მდებარეობს, რომლითაც სოფელი გულგულა სასმელი წყლით მარაგდება.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ წყალიც და ჰაერიც მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. გულგულის ნაგავსაყრელზე კახეთის მუნიციპალიტეტებიდან ყოველდღიურად რამდენიმე ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი იყრება. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ.

მსგავსი