აქცია თელავში

თელავში, კახეთის საოლქო პროკურატურასთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პირველ იანვარს მომხდარი ინციდენტის გამოძიების დაჩქარებას და საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. საუბარია პირველ იანვარს მომხდარ შემთხვევაზე. თელავის ცენტრში სამოქალაქო აქტივისტების მიერ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით გაშლილ კარავს, ავტომანქანა შეეჯახა, თუმცა კარავი არ დაზიანებულა და არც არავინ დაშავებულა. ფაქტზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, აქციის მონაწილეები კი მინიმუმ მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. აქციაზე იმყოფება სამოქალაქო აქტივისტი, ელენე ხოშტარია, რომელიც ოლქის პროკურორთან შეხვედრას იმ ადამიანთან ერთად მოითხოვს, რომელიც პირველ იანვარს ინციდენტის დროს კარავში იმყოფებოდა. აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობაში ძალით შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.