აქცია თბილისში

ჯიქიას ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს. შეკრებილების განმარტებით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გახსნილი ქიმწმენდის ობიექტი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მუშაობს, შედეგად გამოყოფილი მავნე ნივთიერებები ჰაერში იფრქვევა და მოსახლეობის ჯანმრთელობას აზიანებს. აქციის მონაწილეები ობიექტის დახურვას მოითხოვენ.

ამასთან, შეკრებილებმა განაცხადეს, რომ სიტუაციის შესასწავლად აპირებენ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსაც მიმართონ. ობიექტის წარმომადგენლებს დღეს მოსახლეობისთვის არ უპასუხიათ. ადგილობრივები კი მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.