აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერიასთან სარეკრეაციო ზონის შენარჩუნების მოთხოვნით დიდი დიღმის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს.

შეკრებილების თქმით, მერიამ მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ფეხბურთის ფედერაციას ერთი ჰექტარი მიწა გადასცა, სადაც ისეთი სტადიონი უნდა აშენდეს, რომელიც ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. პროექტის განსახორციელებლად ადგილის შემოღობვა უკვე დაიწყო – მოსახლეობა მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და სტადიონის ასაშენებლად ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პერმანენტული აქციები დააანონსეს. მერიამ შეკრებილები, სადავო საკითხზე მოსალაპარაკებლად მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დააკავშირა.