აქცია თბილისის 61-ე საბავშვო ბაღში

15:24, 02.10.2026

თბილისის 61-ე საბავშვო ბაღში მშობელთა აქცია გაიმართა. მშობლები ბაღის შესაძლო დახურვასა და ბავშვების ორ სხვადასხვა ბაღში გადანაწილებას აპროტესტებდნენ. მათი ინფორმაციით, ბაღის დახურვის გადაწყვეტილება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული, თუმცა აქციის შემდეგ მშობლებს, ბაღის დირექტორსა და მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მშობლებს აცნობეს, რომ ამ ეტაპზე ბაღის დახურვა არ იგეგმება და ახალი ექსპერტიზა ჩატარდება. დასკვნის მიღებამდე, ბავშვები ბაღის ერთ-ერთ ფლიგელში განთავსდებიან. იმ შემთხვევაში, თუ შენობა დემონტაჟს დაექვემდებარება, მშობლები ბავშვებისთვის ალტერნატიული სივრცის გამოყოფას ითხოვენ და სხვა ბაღებში ბავშვების გადანაწილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ამ თემაზე განცხადება გაავრცელა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, სადაც განმარტავს, რომ ბაღის შენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 2018 და 2023 წლებში შეამოწმა და დაადგინა, რომ შენობის ექსპლუატაცია შესაძლებელი იყო, თუმცა უნდა გაგრძელებულიყო დაკვირვება. 30 სექტემბერს კი – გაირკვა, რომ შენობაზე ბზარები გაზრდილია, რის შემდეგაც სააგენტომ, სამხარაულის ბიუროს მიმართა საკითხის შესწავლის მოთხოვნით. პარალელურად კი, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის შეფასების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერდება შენობის ერთი ფლიგელის ექსპლუატაცია, დარჩენილ ნაწილში კი – ორშაბათიდან სააღმზრდელო პროცესი გაგრძელდება. ამავდროულად, ბაღის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო ჩატარდება. პარალელურად, სააგენტო შემდგომი რეაგირებისთვის სამხარაულის დასკვნას დაელოდება.

მსგავსი