აქცია თავისუფლების მოედანზე და პოლიტიკური შეფასებები

გუშინდელი საპროტესტო გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ციხეში მყოფი ლიდერისგან ახალ გზავნილს იღებს.

მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაა, 30 ოქტომბრამდე ყოველდღიური აქციების ჩატარება, მეორე ტურისთვის მაქსიმალური მობილიზება და არჩევნების დღეს სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტების ჩამოყვანა. გაგრძელდება თუ არა და რა ფორმით აქციები – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილი გეგმის გამოცხადებას უახლოეს მომავალში აანონსებს, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ გუშინ ხაზი გაუსვა, რომ შემდეგი საპროტესტო გამოსვლა არჩევნების დღეს იქნება. ოპოზიციის ის უდიდესი ნაწილი, რომელიც გუშინდელ აქციაზე არ მივიდა, ახლა მთავარ ამოცანად მეორე ტურისთვის მაქსიმალურ მობილიზებას და ხმების დაცვას ასახელებს. თავის მხრივ 20-ვე ქალაქში საკუთარი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი პარტია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ, მხარდამჭერთა რაოდენობის მიუხედავად, ვერც ერთი აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მიზეზი ვერ გახდება.